English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ გიორგი მჟავანაძე
თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ეფექტიანობა საქართველოში

საქართველოში თამბაქოს მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური კუთხით. 2017 წელს საქართველო იყო 23-ე მსოფლიოში და მე-15 ევროპაში ზრდასრული მოსახლეობის თამბაქოს მოწევის მაჩვენებლის მიხედვით. ამავდროულად, საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებებისგან ყოველწლიურად 11,400 ადამიანი იღუპება. მოწევის სავარაუდო ეკონომიკური ხარჯები, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის პირდაპირ ხარჯებს, და ავადობასა და სიკვდილიანობასთან დაკავშირებული არაპირდაპირ ხარჯებს, შეადგინს დაახლოებით 825 მლნ ლარს წელიწადში.

არსებული პრობლემის გადასაჭრელად, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ძირეული ცვლილებები განახორციელა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში. პარალელურად, 2017 წლიდან დაწყებული, თამბაქოს პროდუქციაზე რამდენჯერმე მნიშვნელოვნად გაიზარდა აქციზის გადასახადი, რამაც, თავის მხრივ, იმოქმედა თამბაქოს პროდუქციის ფასებზე.

განხორციელებული ნაბიჯების ეფექტიანობა, ანუ მისი გავლენა საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, ჯერ არ არის შესასწავლილი, რაც განპირობებულია საქართველოში მოწევის გავრცელების შესახებ საიმედო სტატისტიკური მონაცემების არარსებობით. სტატისტიკური მონაცემები არ გროვდება ადგილობრივად, ხოლო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ საქართველოში  ჩატარებული მოწევასთან დაკავშირებული საკითხის უკანასკნელი გამოკლვევა თარიღდება 2016 წლით.

სტატია გარკვეულწილად აგვარებს აღნიშნულ პრობლემას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შინამეურნეობების ინტეგრირებული ყოველწლიური გამოკვლევის მონაცემთა ბაზების გამოყენებით. ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა, როგორ იცვლებოდა თამბაქოს მოხმარება შინამეურნეობების დონეზე საქართველოში 2013-2020 წლებში. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:

  • მოწევის გავრცელებამ საქართველოში დაიწყო მკვეთრი შემცირება 2017 წლიდან, რაც ემთხვევა აქციზის გადასახადის ზრდას და თამბაქოს კონტროლის რეგულირების შემდგომ გამკაცრებას. 2016 წელთან შედარებით, 2019 წელს თამბაქოს მოწევის  გავრცელება  (დათვლილი შინამეურნეობების დონეზე)  შემცირდა 33.4% – დან 26.2 %–მდე.
  • აქციზის გადასახადის გაზრდამ გამოიწვია ფარდობითი ფასების ცვლილება თამბაქოს სხვადასხვა პროდუქციას შორის, რამაც იმოქმედა მომხმარებლების ქცევაზე. კერძოდ, მწეველთა ნაწილმა ფილტრიანი სიგარეტი, ჩაანაცვლა ჯერ უფილტრო სიგარეტით და შემდეგ – გასახვევი თუთუნით.

                2019 წელს, გასახვევი თუთუნის მოხმარებამ შეადგინა თამბაქოს პროდუქციის მთლიანი მოხმარების 22% მაშინ, როდესაც ის არ აღემატებოდა 2% 2017 წლამდე. შესაბამისად, თამბაქოს მომხარებლების მიერ დაბალფასიანი და დაბალხარისხიანი პროდუქციის მოხმარებაზე გადასვლამ, შეიძლება შეამციროს თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკის ეფექტიანობა.

საკვანძო სიტყვები:  თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა, აქციზის გადასახადი, მოწევის გავრცელება, სიგარეტის მოხმარების სტრუქტურა, მომხმარებელთა ქცევა.

JEL Codes: F21, R10, R11, R42